ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს გურიის LAG-ების ორგანიზაციული გაძლიერების ხელშეწყობას
CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში აგრძელებს გურიის რეგიონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრების ორგანიზაციული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში, გურიის სამივე რეგიონში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გრძელდება ორგანიზაციული ტრენინგების ციკლი. ამჯერად, სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ის წევრები ადვოკატირებისა და ლობირების მიმართულებით გადამზადდნენ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ექსპერტმა, თენგიზ სულთანიშვილმა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წევრებს პრიორიტეტული სათემო პრობლემების ადვოკატირების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს, მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ტრენერმა ასევე დეტალურად მიმოიხილა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომელიც მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში ჩართულობის გარანტიებს უქმნის. შეხვედრის დროს ასევე იმსჯელეს იმ პრიორიტეტული პრობლემებზე, რომელიც გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს და რომელთა მოგვარებაც LAG-ებს ლობირება/ადვოკატირების გზით შეუძლიათ. მონაწილეებმა განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ სათემო პრიორიტეტული პრობლემების ადგილობრივი თვითმმართველობის დღის წესრიგში დაყენებას.
ტრენინგების ციკლის მიზანია, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ორგანიზაციული განვითარება და მხარდაჭერა. მომდევნო ტრენინგები მოიცავს კერძო და საჯარო თანამშრომლობის; მოპალარაკების უნარებისა და ფასილიტაციის; საზოგადოებასთან ურთიერთობის; გრანტის მართვის, ფონდების მოძიებისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებს.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.