ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 150 მ-ზე მდებარეობს. მას ჩრდილოეთით სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით – ვანის, სამხრეთით- ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 820 კმ²-ია, მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წლის მონაცემებით, 18,415 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 2 დაბა და 60 სოფელია.
ჩოხატაურის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. მუნიციპალიტეტი ბარში ზღვის სუბტროპიკული ჰავით, მთებში კი – ნოტიო ჰავით ხასიათდება.
მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა : მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაბეღლავის მინერალურ წალს, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა.
ჩოხატაურში უძველესი და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებია: ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, ერისთავის რეზიდენცია. აქვე მდებარეობს XIII – IX საუკუნეების ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია და კლდეში გამოკვეთილი უდაბნოს მამათა მონასტერი. ჩოხატაურში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ VI-V საუკუნეებიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე.
ჩოხატაურის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და სადაც მწერლის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები და ფოტოებია დაცული.
ჩოხატაური განსაკუთრებით მიმზიდველი სიარულისა და მთის მოყვარული ტურისტებისთვის არის, რადგან ის გვთავაზობს მთის კურორტ – ბახმაროს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად, ქმნის უნიკალურ გარემოს. ბახმაროს ბუნებრივი სამკურნალო თვისებებიც აქვს. კურორტი გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. თუმცა, აქ მაღალი ნალექის გამო სეზონი მხოლოდ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში გრძელდება. ზამთრის პერიოდში, ბახმაროში მოხვედრა ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბუნების მოყვარულებისთვის ჩოხატაური შთამბეჭდავი ადგილია. მუნიციპალიტეტში უდიდესი ნაწილი ტყეს უკავია, სადაც შეხვდებით წიფელს, მუხას, წაბლს, სოჭს, ჭადარს, რცხილასა და თხმელას, 1500 – 1600 მეტრის ზევით კი ნაძვისა და სოჭის ტყეებშიც ისეირნებთ. ჩოხატაურის ტყეებში ბინადრობენ შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა, მაჩვი და სხვა. მართალია, ჩოტატაური ტბებისა და ჩანჩქერების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა, აპურ მდელოებსა და მთებს შორის მოქცეული ჯაჯის ტბა, შთამბეჭდავი ხედებით, ერთ-ერთი სასურველი ადგილია ბუნების მოყვარულთათვის.