რა არის სოფლის განვითარება ევროკავშირის ლიდერის (LEADER) მიდგომით?
სოფლის განვითარება ლიდერის (LEADER) მიდგომით აქტიურად გამოიყენება ევროპის ქვეყნებში 90-იანი წლებიდან. LEADER არის ფრანგული სიტყვების აკრონიმი (Liaison Entre Actions de Développement de l‘Économie Rurale), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს კავშირს სოფლის ეკონომიკასა და განვითარების ქმედებებს შორის. ამ მიდგომის მთავარი იდეაა სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებითა და მათი ძალისხმევის გაერთიანებით. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივი სტრატეგიის შექმნისა და რესურსების გამოყენების გზით. ამ მიდგომით, სოფლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებია, ხოლო განვითარების მთავარი რესურსი – სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით. ლიდერის (LEADER) პროცესი გულისხმობს კავშირების დამყარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით და ადგილობრივი თემების გაერთიანებას საერთო მიზნებისა და ხედვის ირგვლივ.
LEADER მიდგომის შვიდი ძირითადი მახასიათებელი
- კონკრეტულ ტერიტორიაზე დამყარებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობრივი გზით;
- აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება ქვემოდან ზემოთ პრინციპით;
- ადგილობრივი პარტნიორობისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების გაძლიერება;
- ინოვაციების ხელშეწყობა: ტექნიკურ ინოვაციებთან ერთად იმ სოციალური ინოვაციების წახალისება, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ სოფლებისათვის;
- ინტეგრირებული და მრავალსექტორული ქმედებები;
- კავშირების დამყარება და გამოცდილების გაზიარება სოფლის განვითარებაში ჩართულ სხვა ჯგუფებთან;
- თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან, ერთობლივი პროექტების/ინიციატივების განსახორციელებლად.
რა არის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)?
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი არის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ახდენს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას. ადგილობრივ განვითარების ჯგუფში მონაწილეობას იღებენ როგორც საჯარო და კერძო სექტორის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები (წევრთა შესაბამისი თანაფარდობით), მათ შორის: ფერმერები, მეწარმეები, სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი მცხოვრებლები, სერვისების მიმწოდებლები, მედიაორგანიზაციები, ქალთა გაერთიანებები, ახალგაზრდები, შშმ პირები და სხვ.