ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
თბილისი, 5 მარტი, 2024 – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრას უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანს, პროექტის მიმდინარეობის შეჯამება და ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.
ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლმა , CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა; ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა და თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე, UNDP-ის, FAO Georgia – სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ENPARD IV- ის ფარგლებში მიმდინარე სოფლის განვითარების ინიციატივები, სურსათის უვნებლობისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს.
„ევროკავშირის დაფინანსებით გახორციელებული ნებისმიერი ინიციატა არ წამოადგენს ცალკე მდგომ პროექტს. ათ წელიწადზე მეტია, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან მნიშვნელოვან პოლიტიკის დიალოგს აწარმოებს სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. აღნიშნული პოლიტიკის საწყისიც და ბოლო წერტილიც არის ის , რომ საქართველოში, სოფელი მეტად მიმზიდველი გახდეს ადამიანებისთვის, რომლებსაც სოფლად ღირსეულად ცხოვრება და ეკონომიკის განვითარება სურთ.“ – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა;
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ახლად ჩამოყალიბებული ადგილობირვი განვითარების ჯგუფის წევრები ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან.
„მსურს ჩვენი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ღირებული მხარდაჭერისთვის საქართველოში სოფლის განვითარების ინიციატივების ხელშეწყობისთვის. 7 წელზე მეტია CENN არის ENPARD პროგრამის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს სოფლის განვითარებაზე. ჩვენ ვიმუშავეთ სოფლის განვითარების პროექტებზე ქედაში და წალკაში, ვთანამშრომლობდით ადგილობრივ თემებთან პოზიტიური ცვლილებების მოსატანად. ახლა კი მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ამ მიმართულებით ვიმუშაოთ გურიის რეგიონშიც. პროექტი მწვანე გურია დაიწყო 2022 წელს და ამ პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია ინვესტიციების მოზიდვის გზით, ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, შედეგად კი ქვეყნის მწვანე ზრდის მხარდაჭერა.“ განაცხადა ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლმა , აღმასრულებელი დირექტორი, CENN;
“თემა, რომლის ირგვლივაც ჩვენ შევიკრიბეთ ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავრობისთვის. ეს ასახულია სამინისტროს, როგორც დარგობრივი პოლიტიკის წამმართველი პოლიტიკის სტრატეგიაშიც, მის სამოქმედო გეგმაშიც და ამ მიმართულებით უკვე არაერთი წელია ჩვენ ყველა ერთად ვსჯელობთ, ვმუშაობთ და ვახორციელებთ არაერთ წარმატებულ პროექტს. ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამშრომლობა ENPARD-ის ფარგლებში“ – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ღონისძიებას, ევროკავშირის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, გურიის ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.